“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დროს მმართველმა გუნდმა საარჩევნო ხმების გადათვლა შესთავაზა, თუმცა ისინი ამას არ დათანხმდნენ.
“ხმების გადათვლის თაობაზე წინა შეხვედრაზე იყო საუბარი, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ წუხელ შუაღამისას შეკრიბეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შეაჯამეს ე.წ. შედეგები, რამაც აზრი გამოაცალა გადათვლის პერსპექტივასაც კი”, — განაცხადა ნათელაშვილმა.
როგორც მან აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელშესახები შედეგი მიღწეული არ არის. მისივე მოსაზრებით, ხალხის საპროტესტო აქციები და მოლაპარაკებები ერთდროულად უნდა მიმდინარეობდეს, რასაც შედეგი მოჰყვება.
“შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ოცნებას არანაირი ინიციატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო მმართველად. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი იმის თაობაზე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს”, — აღნიშნა ნათელაშვილმა.
დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა კვლავ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ჩატარდა და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც დაესწრო. პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჩაერთნე.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს, 14 ნოემბერს იმართება.