აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს, ხმაური იყო

543

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, ხმაური იყო. ერთმანეთს სამართალდამცავები და ოპოზიციის ლიდერები დაუპირისპირდნენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გაყალბებული საარჩევნო ოქმები გამოფინეს. ბათუმის მერიის თანამშრომლებმა მათი ჩამოხსნა სცადეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ოქმების დიდი ნაწილი ბათუმის უბნებიდან არის წარმოდგენილი, სადაც არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 8 ნოემბერს დაიწყო, ხოლო მასშტაბური აქცია კვირას 17:00 საათზე ჩატარდება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაშიც “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ.

აჭარის მთავრობის სახლთან გაშლილია კარვებიც.