დავით ერემეიშვილი: ქუთაისელებს მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

377

ქუთაისში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი სულხან-საბას გამზირზე შენდება, სადაც ერთდროულად 60 ავტობუსი განთავსდება. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ბეტონის დასხმა მიმდინარეობს.

სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ქუთაისს მუნიციპალური ავტოპარკი ათწლეულებია არ ჰქონია. ახალი, თანამედროვე, კომფორტული ავტობუსები ჩვენი ქალაქისთვის უკვე შეძენილია. მალე დასრულდება ავტოპარკის მშენებლობაც და ქუთაისის ქუჩებში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „სქაი ჰაუსი“ ასრულებს, რისთვისაც 2 643 000 ლარი იხარჯება. მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი ავტობუსების პირველ ნაკადს თვის ბოლოს მიიღებს.