ეუთოში აშშ-ის ელჩი: „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში – ის ქვეყანა კი საქართველოა

452

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა, – ამის შესახებ ეუთოში ამერიკის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა განაცხადა.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს.

„ამ აგრესიას კვლავაც აქვს პირდაპირი და უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. კმაყოფილი ვართ, რომ ივლისსა და სექტემბერში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები დადებით გარემოში ჩატარდა. ჩვენ ვემხრობით გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას. ამ ინსტრუმენტებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაძაბულობის განმუხტვასა და კონფლიქტით გამოწვეული დარტყმის შემსუბუქებაში“ – განაცხადა ჯეიმს გილმორმა.

მისივე განცხადებით, აშშ მოხარული იქნებოდა საქართველოში ეუთოს საველე წარმომადგენლობის აღდგენით, რომელიც შეძლებდა ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ შეუფერხებელად მუშაობას.

„საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე სრული წვდომის მქონე ეუთოს მისია აუცილებელია დაძაბულობის შესამცირებლად შესაძლებლობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – აღნიშნა მან.