ზურაბ ჯაფარიძე: შევთანხდით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი, ჯერჯერობით, უცნობია

565

ვერაფერს დავაკონკრეტებ, პირველი შეხვედრა იყო. მადლობა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, რომ მათი ფასილიტაციის მოხდა ამ შეხვედრის გამართვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ შეხვედრაზე პოზიციების გაცვლა მოხდა.

„ოპოზიციურმა პარტიებმა მათ მოვუყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გავაჟღერეთ. ასევე იყო ხელისუფლების წარმომადგენლის ხედვა წარმოდგენილი. შევთანხდით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ფასილიტატორების, ისევე როგორც ჩვენი სურვილი და ზოგადად ატმოსფერო ასეთია, ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმებაა მისაღწევია. ასეთი ატმოსფეროა. კონკრეტულად, სადამდე მივა პროცესი დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ არჩილ თალაკვაძეს შორის შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრაში ოპოზიციის მხრიდან ბარიერგადალახული 8 პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.