გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემის მოწყობა იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 17 ნოემბერს დასრულდება. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.
„სამუშაოების ფარგლებში, სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით დაგეგმილია ჭაბურღილების, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა.
სოფლის ისტორიაში პირველად მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი. სამუშაოების შედეგად ნატანების მოსახლეობა, ჯამში 2100 ადამიანი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია განცხადებაში.