“დაახვიოს კობახიძემ თავისი კანონი და… აღარ გავაგრძელებ მერე”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად შესაძლოა, დაფინანსება შეუწყდეთ იმ პარტიებს, რომლებიც არ შევლენ პარლამენტში.
უგულავას თქმით, კანონით, დაფინანსებას პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა განსაზღვრავს. იგი, ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება პარტიებს ამით ვერ დააშანტაჟებს.
“კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონით, რომელიც ზარზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძე, პარტიების დაფინანსება არ არის დამოკიდებული პარლამენტში მოღვაწეობის ფორმაზე, არამედ იმ ხმების რაოდენობაზე, რაც მიიღო.
დაახვიოს კობახიძემ თავისი კანონი და აღარ გავაგრძელებ მერე. თუ კობახიძეს ჰგონია რომ პარტიული დაფინანსების ვინმეს დააშანტაჟებს, ხო ბრიყვი ღლაპია, მაგრამ კიდევ უფრო ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. […] ეს არის უკანონობა, მითუმეტეს, უკუქმედების ძალა ვერ ექნება. [კანონი] აიღონ, დაჭრან, შეჭამონ, რაც უნდათ ის უქნიათ”, – თქვა გიგი უგულავამ.
მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შემდეგ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეუწყდეთ.
როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.
“რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რაც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს, ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ამაზე ალბათ პარლამენტი იმსჯელებს”, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.