ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 4 ნოემბერს, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას დააკვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მე-4 სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილება და 7 პირიდან მხოლოდ ერთის – ტ.გ.-ის მიმართ შეწყვიტა სამართალწარმოება.
როგორც ისინი აღნიშნავენ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა ეჭვის ქვეშ დგება და ეყრდნობა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას, რაც მსგავს საქმეებზე დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა.
„მ.ჯ.-ის, ლ.ქ.-ის, გ.ფ.-ის მიმართ კი, შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქმედებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ხოლო ამავე კოდექსის 173-ე მუხლით ისინი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით.
ნ.კ., ნ.ბ. და ნ.ფ. ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად კოდექსის ორივე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. ნ.კ.-სა და ნ.ბ.-ს სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით, ხოლო ნ.ფ. ადმინისტრაციულ პატიმრობაში 5 დღე-ღამის ვადით იქნება.
მოსამართლემ დადგენილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ყურადღება არ გაუმახვილებია იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორის შეფასებით, სხდომებზე სასამართლოსთვის საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეთა დამკავებელი პოლიციელების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები არ იყო საკმარისად დამაჯერებელი და ლოგიკური. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, გარდა ერთისა, რომელიც, ფაქტობრივად, ხარვეზიანი აღმოჩნდა. ასევე, არ იყო წარმოდგენილი უშუალოდ დაკავების და სამართალდარღვევის ამსახველი კადრები. ამის გამო, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა ეჭვის ქვეშ დგება და ეყრდნობა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას, რაც მსგავს საქმეებზე დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 4 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდა. ამ პროცესის გარდა, ორგანიზაციის მონიტორინგი ეხება კიდევ 20 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეს“,-აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.