კალაძე მიმართვას ავრცელებს: პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ

423

მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არც ერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს – დედაქალაქის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციას ვრცელი წერილით მიმართავს და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

კალაძე წერილს “ფეისბუქზე” ავრცელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირებულ დარღვევებს, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებად მოიხსენიებს, კალაძე “ტექნიკურ ხარვეზებს” უწოდებს:

“ჩვენ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს; მათი გამოსწორებისთვის ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ.

ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც – საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს – თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ.

გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!

ქვეყანა უამრავი საშინაო, რეგიონალური და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას.

არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

მოლაპარაკება, პოლიტიკური კონსესუსი, საქმიანი ატმოსფერო – სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და ქართველი ხალხი!”- ნათქვმია კალაძის მიმართვაში.

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.