მდინარაძე ISFED-ს: მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც სხვაობა გამოვლინდა

334

მამუკა მდინარაძე ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია მეთოდოლოგიის და 1500 უბნის შესახებ, რომელიც მისი თქმით, “ისფედმა გადათვალა” და დარღვევები გამოვლინდა.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ასე უფრო გაერკვევა, რაშია საქმე და რამ გამოიწვია ის “მცირე სხვაობა”, რომელიც, მისი მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების სასარგებლოდ გამოვლინდა”.

“პარალელური დათვლის შედეგად იყო მცირე სხვაობა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების შედეგთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ბევრი, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ISFED-ს, მოეწოდებინა ჩვენთვის ინფორმაცია მეთოდოლოგიის და იმ 1500 უბნის შესახებ, რომელზე თვითონ თქვეს, რომ გადათვალეს. ამასთან დადარების შემდეგ კიდევ უფრო კარგად გავერკვეოდით, რაშია საქმე. რამ გამოიწვია თუნდაც ის მცირე სხვაობა.

თუ ისინი იტყვიან, რომ გათვალისწინებული იყო ბათილი ბიულეტენებიც, გამოდის, რომ არც ერთ პარტიას არც ერთი პროცენტი და ხმა არ დაკლებია და ეს მოხდა ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების სასარგებლოდ იმ პარტიების ხარჯზე, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი.

ყველა შემთხვევაში, ჩვენ მაინც, საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის ჩვენ გვჭირდება იმ უბნების ჩამონათვალი მათგან და ძალიან ვთხოვ, რომ ისინი მოგვაწოდონ, დავსხდეთ, გავიაროთ”. – თქვა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.