ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების მიმართ არასწორი მიდგომაა.
„ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, არასწორი საუბარია საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას.
როგორც კობახიძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს.
„ხედავთ, რომ ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ჩვენი ყველა მთავარი პარტნიორი, ყოველდღიურად მოდის მოლოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთადერთი რომელიც დღემდე არა აღიარებს არჩევნების შედეგებს რამდენიმე კონკრეტული დამარცხებული პარტიაა, თუმცა ამ მიმართულებითაც ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში, მათ მხრიდანაც იქნება აღიარებული დემოკრატიული არჩევნები“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც ის აღნიშნავს, არსებობს მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა.
„მთავარი რესურსი ისაა, რომ რეალურად უტყუარი მტკიცებულებები არსებობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით. იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები, არასწორად შედგენილი ოქმებით მანიპულაცია და ა.შ. რის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ყველასთან, მათ შორის, მზად ვართ იმისთვის, რომ ინფორმაცია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ მივაწოდოთ ნებისმიერ სუბიექტს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, არასამთავარობო ორგანიზაციებს. ასე რომ, ჩვენ ისინი შეგვიძლია დავარწმუნოთ იმაში, რაშიც უკვე დარწმუნებულები არიან ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორები. მონაცემები არსებობს. მარტივი მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, ესაა მათ შორის სტატისტიკური ინფორმაცია. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ მონაცემები, რომელიც ცესკო-ს მიერაა დაფიქსირებული, ამომრჩევლის განწყობას ემთხვევა,”- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან კობახიძე ამბობს, რომ უბედურებაა, რომ სააკაშვილმა ნახევარი მილიონი ხმა მიიღო.
„გუშინ ალბათ უყურებდით სააკაშვილის გამოსვლას, ამ ადამიანმა წარმოიდგინეთ აიღო ნახევარი მილიონი ხმა, ეს არის უბედურება, ამ პოლიტიკური პარტიის მიერ აღებული 27% არის უბედურება ისევე, როგორც უბედურებაა 3.8 პროცენტი, რომელიც აიღო „ევროპულმა საქართველომ“ და ა.შ. მაგრამ ეს არის ამომრჩევლის განწყობა, რაც იყო განწყობა ის დაფიქსირდა ცესკო-ს მიერ,“- განაცხადა კობახიძემ.