გვიან ღამით დაჯარიმებულთა ქვითრებს აგროვებდნენ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის წესის დარღვევისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა გასაჩივრდება.
პოლიტიკური პარტია “ლელოს” წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, თუ დაწესებული შეზღუდვის გამო ვინმეს გარეთ ყოფნისთვის დააჯარიმებენ, მოქალაქეებს გასაჩივრებაში დაეხმარებიან. მან რუსთაველზე შეკრებილებს ტრიბუნიდან აცნობა, რომ გასაჩივრებისთბის 10 დღიანი ვადა აქვთ.
მისივე თქმით, გამოწერილი საჯარიმო ქვითრები ლეგიტიმური ვერ იქნება.
“ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილ მშვიდობიან ადამიანებს გამოუგზავნა 2000-ლარიანი საჩუქარი ჯარიმის სახით. ამას არ შევეგუებით, დავიწყეთ იურიდიული საქმიანობა – საჩივრების წერა. ბოლომდე ვიბრძოლებთ და გამოვიყენებთ მათ შორის ყველა სამართლებრივ საშუალებას”, – განაცხადა კოჟორიძემ.
ცნობისთვის, დაჯარიმებულებს შორის არიან აქტივისტები, სტუდენტები, “ენმ”-ის ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე.
თავის მხრივ, შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ უწყება დააიდენტიფიცირებს ყველა კანონის დამრღვევს და 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში დარჩენის გამო ფიზიკურ პირს 2000 ლარიანს იურიდიულ პირს კი 10 000 ლარიან ჯარიმას გამოუწერს.