აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენა

414

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დილის 05:00 საათამდე დარჩა. აქტივისტებმა 05:00 საათზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, 20-მდე პირი დააჯარიმეს.

“სირცხვილიას” აქტივისტის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მოგვიანებით დროებითი დაკავების იზოლატორთან მივლენ, რათა აქციაზე დაკავებული გიორგი მჟავანაძე გაამხნევონ, რომელსაც მათივე ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, სხეულზე დაზიანება აღენიშნება.

პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ. აქციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა დაწესებული შეზღუდვების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და პარლამენტის შენობასთან დარჩა.