დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისი დროს, ოღონდ ის შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ბოკერიას თქმით, როგორც „ევროპული საქართველო“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიები, მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა მისივე თქმით, დიალოგის მთავარი საკითხი უნდა იყოს არჩევნები, „მისი სამარცხვინო შედეგები და ხელეხალი არჩევნების ნორმალური ჩატარება“.
„კრიზისი გამოიწვია მთელმა წლებმა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, თუმცა ამის კულმინაცია იყო არჩევნები. ამიტომ, დიალოგი აბსოლუტურად ნორმალური რამეა და ოპოზიციამ მთლიანად, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“ თქვა, რომ დიახ, დიალოგი არის საჭირო ასეთი კრიზისის დროს, ოღონდ შეიძლება იყოს იმაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია და არა რაღაც სხვა თემაზე.
მთავარი საკითხი, რომლის შიგნითაც არის ბევრი ქვესაკითხი, არის ეს არჩევნები და მისი სამარცხვინო შედეგები, მისი გაუქმება და ხელახალი არჩევნების ნორმალური ჩატარება. დიალოგისთვის ამ საკითხზე ვართ მზად“, – განაცხადა ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე და მზად არიან, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დასხდნენ მაგიდასთან.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პროცესი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, “მათივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა იქნას გადმოტანილი სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე”.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.