გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქები 22:00 საათის შემდეგ ერთჯერადი საშვით ისარგებლებენ

915

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადადგილებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვები მიიღონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამისთვის მსურველებმა 144-1-ზე უნდა დარეკონ, რომელიც დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება.

„დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს – ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დღეიდან საქართველოს 7 ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება  შეიზღუდება. ამასთან, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და საჯარო ბაღები დაიხურება.

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.