კალაძე: მადლობა სამართალდამცველებს, რომ თავდასხმის მოგერიება მაქსიმალურად რბილი ძალით მოახერხეს

285

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში.

„მივესალმები ამ მოწოდებას. გუშინაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადებები, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და თქა, რომ გუშინ ცესკოსთან აქციის დაშლის დროს გამოყენებული წყლის ჭავლი იყო მაქსიმალურად რბილი მოგერიება, რომ იქ შეკრებილი ადამიანები დაეშალათ.

“მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს რბილი ძალის გამოყენებით. ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ ყველას გვაქვს 1 სამშობლო – არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, ცდილობენ ცესკოს შენობაში შეჭრას. არც ისაა სასიამოვნო, რომ პოლიცია იძლებული ხდება თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს”, – ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.