IDFI: კომენდანტის საათის აქციებზე გავრცელება, უკიდურისად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს

448

IDFI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ მიიღოს Covid-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. NGO-ში აცხადებენ, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.

ამასთან, IDFI-ში მიაჩნიათ, რომ მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაოაკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება.  ეს არის კომენდანტის საათი – საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება.  აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაც ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება”, – აცხადებენ NGO-ში.

IDFI-ში აცხადებენ , რომ თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენებისთაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ. მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.