სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში, მუდმივად აქ, რუსთაველზე მოსვლა გვიწევს, გვიწევს იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, კანონი, სასამართლო, კანონის უზენაესობა, პარლამენტი, მთავრობა და მხოლოდ ქუჩის პროტესტებით გვიწევს მივაღწიოთ ყოველთვის შედეგს, – მის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ხალხმრავლობა მიუთითებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.
„ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის. ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ქართველი ადამიანი არ შეეგუება გაყალბებას, ღირსების აყრას და არცერთ შემთხვევაში უკან არ დაიხევს. ბევრი სვამს კითხვას, აქ რატომ შევიკრიბეთ, მეგობრებო, ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი საარჩევნო ხმის უფლების დაცვას. დემოკრატია ესაა. ვიცი, ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვინც ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. ძვირფასებო, ჩვენ თქვენი ნების გამოხატვასაც ვცემთ პატივს, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას იქნებ უთხრათ, რომ ამ მრავალი ათასი ადამიანის ნების გამოხატვას სცეს პატივი, აღიაროს მარცხი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში, გვიწევს მუდმივად აქ რუსთაველზე მოსვლა, გვიწევს იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, კანონი, სასამართლო, კანონის უზენაესობა, პარლამენტი, მთავრობა და მხოლოდ ქუჩის პროტესტებით გვიწევს მივაღწიოთ ყოველთვის შედეგს. ამიტომ ვართ აქ და ეს გვინდა, რომ დამთავრდეს. ზუსტად ისეთი პარლამენტი გვინდა, რომელიც ხალხს მოუსმენს და მისი ნების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას და არა პარლამენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება კონკრეტული ადამიანების ინტერესებს. მე პატივს ვცემ ყველას, ვინც რეალურად ხმა მისცა “ქართულ ოცნებას”, მაგრამ მოვითხოვ, პატივი სცენ ჩვენს არჩევანს. ეს არის ერთადერთი, რაც გააერთიანებს საქართველოს, სხვა გზა არის გახლეჩვის გზა, დაპირისპირები გზა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს დიდი მომავალი.
“ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, სამართლიანი სასამართლო, განვავითაროთ ქართული ეკონომიკა, მივცეთ მომავალი ქართველ ახალგაზრდებს საქართველოში, თითოეულ პენსიონერს მივცეთ ღირსეული სიბერე, შეგვიძლია კანონის წინაშე ყველა იყოს თანასწორი, შეგვიძლია ავაშენოთ პოლიცია, რომელიც არ იქნება პოლიტიკური მსახური რომელიმე პოლიტიკური ძალის, ჩვენ შეგვიძლია ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი საქართველო შევქმნათ, მაგრამ ეს შეიძლება ხოლოდ მაშინ, როცა არჩევანის უფლება არის პატივცემული ამ ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება. მოდით, დავდგეთ ერთად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე და ვაქციოთ ეს მომენტი ქვეყნის განვითარებაში შემობრუნების წერტილად. ჩვენ არ გვინდა ქვეყნის შიგნით ქართველი ქართველს უპირისპირდებოდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ, ძლიერ, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც თითოეული ადამიანის ნება პატივცემულია და თითოეულ მოქალაქეს შუძლია თქვას: მე ვარ ამაყი, რომ ვარ ღირსეული შვილი ჩემი ძლიერი ღირსეული თავისუფალი ქვეყნის, ამას გაუმარჯოს. დიახ, ჩვენი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, ეს ბრძოლა არ არის ერთდღიანი, ეს არის განგრძობადი, ჩვენ არ დავიღლებით და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.