მინდა ძალოვანებს მოვუწოდო, დაყარეთ მუნდირი ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და ხალხს შემოუერთდით – 1989 წლის 9 აპრილს მაშინდელი ქართული მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს გადაეფარა, – ეს განცხადება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ნათელაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მათ კორონა და ეპიდემია ვერ დააშინებს. ნათელაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნის მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია და ყველა პარტია და ხალხი ერთადაა საერთო მტრის წინააღმდეგ.
„დიდი ილია ამბობდა: – თავისუფლების შოვნაი, სჯობს საშოვნელსა ყველასა. დღეს დიდი ილიას დაბადების დღეა. ხედავთ, რომ თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა და თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს, რადგან ამას იმსახურებს. ვინც ახლა აქ არ არის, ისიც აქ არის, ჩვენთან არის! ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენც მისაღები გაქვს. ოლიგარქია და თან რუსული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ცნობილი დეკლარაცია საფრანგეთისა, ადამიანის ტყავშია ჩასმული. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა მონობის ტყავი სამუდამოდ მოიცილა. ჩვენ ჩვენი თავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკურ ტყავში უნდა ჩავსვათ, რადგან ამ მარაზმის დაბრუნება არასდროს არ მოხდეს“, – მიმართა აქციაზე შეკრებილებს შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.