გრიგოლ ვაშაძე: ვერც ერთი პარტია და პარტიების ერთობა ვერაფერს შეძლებს, თქვენ თუ მტკიცედ არ დადექით – არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე!

327

ბატონო ხელისუფლება, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადეებშია ყველა, ყველა იცავს შეძლებისდაგვარად წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა გააყალბოთ?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა, ვისაც მოსვლის სურვილი ჰქონდა, ალბათ ვერ მოვიდა, თუმცა, აქ მოსული ხალხი დაიცავს ყველას ხმას, რომელიც „უსინდისოდ მოიპარეს“.

„ქართული ოცნება პატრიოტიზმზე გველაპარაკება, არ ხართ თქვენ ბატონებო, პატრიოტები პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს, პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რომ შედის, უკვე მზად არის ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი, პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს, ვისაც სჯერა, რომ სასამართლო უნდა იყოს უმაღლესი ინსტანცია და ხალხის ნების გამომხატველი, ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქისთვის, ხელისუფლება არის მოქალაქისთვის და არა მოქალაქე ხელისუფლებისთვის.

იძახიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი.

სასამართლო, კანონი, სასამართალი, მოქალაქეების ნების პატივისცემა – აი, რა გვჭირდება ჩვენ. ვინც დღეს აქ შეიკრიბა, ბატონო ხელისუფლება, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადეებშია სულ ყველა, ყველა იცავს შეძლებისდაგვარად იმ წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა გააყალბო?! ვერც ერთი პარტია და ვერც პარტიების ერთობა ვერაფერს შეძლებს, თქვენ თუ მტკიცედ არ დადექით, ამიტომ მაქვს ეს თხოვნა – არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე, სახლში მისასვლელები ვართ და შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალში და ვუთხრათ: ან ასეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 88 და 90 წელს მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან კიდევ გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაოაბს, საიდანაც გაიქცევით თქვენ სულ ყველა“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.