გოცირიძე: როცა ხელისუფლებას არ უნდა გადაწყვეტილების მიღება, ამას მიაღებინებს ქუჩა, ანუ ხალხი

346

როცა არ უნდა გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას, ამას მიაღებინებს ქუჩა, ანუ ხალხი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებულია.

„არავის უნდა ეპატიოს არჩევნების გაყალებება და ხელისუფლების მითვისება, ამისთვის არსებობს მსოფლიოში აპრობირებული გზა – როცა არ უნდა გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას, ამას მიაღებინებს ქუჩა ანუ ხალხი. ქუჩიდან მომხდარა მსოფლიოში მრავალი ისტორიული პროცესის მიღწევა. ეს არის პოლიტიკის კანონი, ამიტომ დღეს აქ შეკრებილი ათეულ ათასობით ადამიანი აიძულებს ხელისუფლებას, რომ განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, რომლის ერთადერთი საშუალება არის რიგგარეშე დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამისთვის საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის დაშლა და განახლებული ადმინისტრაციით არჩევნების რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება. აქ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა უკანონოდ ძალაუფლება, პრობლემაა იმაში, რომ ქვეყანას შექმნილ ვითარებაში არ აქვს არავითარი შანსი ამ უმძიმესი ეკონომიკური და პანდემიური კრიზისიდან გამოსვლის. ვითარება მძიმე იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ ყოველგვარი რესურსი ამოეწურა, არის ამორტიზებული, ლარივით გაუფასურებული, არა თუ 4 წელი, 4 თვეც რომ დარჩეს მმართველობაში, ქვეყანა ჩავარდება უმძიმეს ვითარებაში, ზნეობრივად, პოლიტიკურად, საკადრო რესურით გაკოტრებულია, ამიტომ საჭიროა ცვლილებები,“- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.