„ლელოს“ ლიდერები და მხარდამჭერები ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან მასშტაბურ აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც “ლელო” და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგების გაყალბებას გააპროტესტებენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, მოსახლეობას მოუწოდებს მშვიდობიან აქციაზე მისვლისკენ.
“ლელოს” ლიდერები და მხარდამჭერები შევიკრიბეთ ზაარბრიუკენის მოედანზე და მსვლელობით ერთად დავიძრებით აქციაზე, პარლამენტის წინ. ჩვენ იქ შევუერთდებით საერთო ოპოზიციურ აქციას და ერთად გავაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას. ყველას მოვუწოდებ მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ”, – განაცხადა ბუაძემ
პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან მსვლელობით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც. ასევე, დედაქალაქისკენ დაიძვრნენ ავტოკოლონები რეგიონებიდანაც.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს.