“ცესკოს” ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული ამბობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ოქმებში არსებულ დისბალანსს მასშტაბური ხასიათი აქვს. ბურდულის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ყუთში არსებული ბიულეტენი ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე – არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობა. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუამრი” ისაუბრა.
ივანე ბურდულის თქმით, მას მსგავსი რაოდენობის “გაფუჭებული” ოქმები, 20-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, არ ახსენდება. ამასთან, ამბობს, რომ ოქმებში არსებული უზუსტობების რაოდენობა და დისბალანსის ხელით ჩასწორების მცდელობა არჩევნების გაყალბების საფუძვლიან ეჭვს ბადებს.
“ერთი და ორი თუ არის, იქ ჩანს, რომ ხელმოწერა გამორჩა რომელიმე რეგისტრატორს, მაგრამ რამდენიმე ასეულია სხვაობა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ვერანაირად ვერ დააბალანსეს და ვერ დასვეს რიცხვები, იმდენად დიდი სხვაობა იყო რიცხვებში”, – ამბობს ივანე ბურდული.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე კორონავირუსით ინფიცირებულთათვის სპეცუბნები შეიქმნა. ივანე ბურდულის თქმით, სპეცუბნებზე სამთავრობო და ოპოზიციურ ხმებს შორის რადიკალური განსხვავება იყო. ოქმებიდან ჩანდა, რომ, თითქოს, სპეცუბანზე ამომრჩეველთა 95% ხმას აძლევდა ხელისუფლებას, რაც არჩევნების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ აყენებს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.
საკუთარი განცხადების ფოტო, წარწერით – „მშვიდობით ცესკო“ – ბურდულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.