გადაადგილება, ტრანსპორტი, ბაზრების დახურვა – რა დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობს მთავრობა

597

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სხვადასხვა ღონისძიებებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩაატარებენ.

“საბჭო, რა თქმა უნდა, მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას, შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში, ისევე როგორც ტრანსპორტის შეჩერება, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.

ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვბის, დღეს საქართველოში კორონავირუსის  2 401  ახალი შემთხვევა გამოვლინდა.