“ნაცმოძრაობა” ბათუმში 8 ნოემბრამდე აქციებს წყვეტს და მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

381

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტები საპროტესტო აქცია გუშინ, გვიან ღამით შეწყვიტეს.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესურსს აჭარის რეგიონისკენ მიმართავენ და მოსახლეობას შეხვდებიან.

მისი თქმით, მოსახლეობას გაყალბებულ არჩევნებზე ინფორმაციას მიაწვდიან, რათა კვირას ბათუმში დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა მიიღონ და მათი ხმების დაცვა მოხდეს.

“ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია კრიმინალების მიერ ჩატარებულ არჩევნებს იცავს. საკოორდინაციო საბჭომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვცვლით ჩვენს სტრატეგიას, ამ ხელისუფლებასთან ამ მეთოდი ბრძოლა, როგორც ჩანს არ გამოდის, იმიტომ, რომ ყველა უმსგავსო ნორმებს მიმართავენ , როგორმე გააპრავონ გაყალბებული არჩევნები.

კვირამდე პერმანენტული აქციები დაანონსებული გვქონდა, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ეს რესურსი ვინც აქ ვართ, გავდივართ აჭარის მასშტაბით და ყველა მოქალაქეს ვხდებით და კიდევ ერთხელ ვუხსნით, რა მნიშვნელოვანია მათი არჩევანის დაცვა. კვირას 8 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისის პარალელურად ვიკრიბებით აქ, და ხელისუფლება იმ ხალხის ძალას ნახავს, ვისაც არჩევნები მოპარა”,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.