NDI: შემდეგი გამოცდა საჩივრების განხილვის სანდო პროცესის უზრუნველყოფა და არჩევნების მეორე ტურის სამართლიან და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში ჩატარება იქნება

400

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიის, ქვეყნის საარჩევნო სისტემაში შეტანილი ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ცვლილებების, პოლიტიკური პოლარიზაციისა და მოქმედი პარლამენტის მიმართ შემცირებული ნდობის ფონზე ჩატარდა – ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე თქმით, საარჩევნო დინამიკასა და პოლიტიკური გარემოს ფორმირებაზე კრემლის მხრიდან მომავალმა მუდმივმა აგრესიამ და რეგიონში სიტუაციის გამწვავებამაც იქონია გავლენა.

„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ გავლენა იქონია კამპანიის სტრატეგიებსა და საარჩევნო უბნების პროცედურებზე. კორონავირუსით დაზარალებულ ზოგიერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეზღუდვები შეექმნა, ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, შესაძლოა, ამომრჩეველთა აქტივობაზე ნეგატიურად ემოქმედა. პანდემიამ, განსაკუთრებით ინფიცირების დონის ზრდამ, პრობლემები შეუქმნა ქართულ ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 2020 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ვირუსის მართვის თვალსაზრისით საერთაშორისო მასშტაბით სამაგალითო ქვეყნად მიიჩნეოდა, შემოდგომაზე მთავრობის მიერ კრიზისის მართვა საარჩევნო კამპანიის გამოკვეთილ თემად იქცა.

საქართველო ამ და წინა არჩევნებისთვის დამახასიათებელ დემონიზაციასა და პოლარიზაციაზე მაღლა უნდა დადგეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ უარყოფს ძალაუფლების პარტიული მიზნით გამოყენების დიდი ხნის პრაქტიკას.

არჩევნების შემდეგ, ახალმა უმრავლესობამ, იქნება ეს ერთი პარტია თუ კოალიცია, წარმომადგენლობითობა და ინკლუზიურობა უნდა უზრუნველყოს. ახალმა პარლამენტმა მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის შესამსუბუქებლად პარტიათაშორის თანამშრომლობას უნდა მიმართოს და არასაპარლამენტო პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაცია იქონიოს.

მას საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებული მუდმივი ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად ხელშესახები ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს. ქვეყნისთვის შემდეგი გამოცდა საჩივრების განხილვის სანდო და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა და არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან, უსაფრთხო და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში ჩატარება იქნება. ასეთი პროცესის უზრუნველსაყოფად მზადყოფნის დემონსტრირებისთვის მთავრობამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ სწრაფი, თვალსაჩინო და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგას“,- ნათქვამია ანგარიშში.