ამბროლაურის 20-მდე სოფელი ასფალტირებული გზით სარგებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტებიდან, მნიშვნელოვანი ადგილი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭირავს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ მიმართულებით 2019-20 წლებში განხორციელდა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა: ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, წესი-ურავის საავტომობილო გზის ასფალტირება, ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის გზისა და სოფელ კრიხისა და ჭყვიშის გზების რეაბილიტაცია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი უკვე სარგებლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზებით.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მხრივ, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით, ფართომასშტაბიანი სამუშაოები ტარდება. მოწესრიგდა ისეთი მონაკვეთები, რომლებიც წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენდა. გარდა სოფლებისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქ. ამბროლაურშიც. ქუჩების ნაწილზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი. ამჟამად ხორციელდება ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა, რაც ითვალისწინებს კოსტავას ქუჩაზე გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ვცდილობთ, ადგილობრივ მოსახლეობასთან პერიოდული შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრობლემური საკითხები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და არსებული ფინანსური რესურსის შესაბამისად ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ”, – აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.