ამბროლაურის მერმა საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა

454

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ საზოგადოებას განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოუდგინა, რომელიც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა სტრუქტურული ერთეულების მიხედვით მიმოიხილა გასულ წელს შესრულებული სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„2021 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. COVID 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოში არსებული რეალობა და არა ერთი დაბრკოლება შექმნა სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული პრობლემა რომელიმე სფეროში არ დაფიქსირებულა და მაქსიმალური ძალისხმევით შევეცადეთ მნიშვნელოვანი პროექტები არ შეფერხებულიყო.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა მთავარია, რომ ყველა ჩვენგანი მიმართული ვართ მათ აღმოსაფხვრელად და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უკეთესობა იგრძნოს.

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.