მდინარაძე: მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“, წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს 2%-იანი სხვაობა

386

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. ამის შესახებ მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პატარა უზუსტობებიც კი უნდა აღმოიფხვრას.

„მოვუწოდებ „სამართლიან არჩევნებს“ წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც და ჩვენც მოგვაწოდონ, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. შევადაროთ და დეტალურად გავყვეთ ყველა უბნის კონკრეტულ ოქმს და კონკრეტულ მონაცემს.

გავარკვიოთ, რატომ არის თუნდაც 2%-იანი სხვაობა. შესაძლებელია იყოს 2 ან 3 მანდატზე საუბარი და ითქვას, რომ დღევანდელი მოცემულობით, მაგრამ შევადაროთ საბოლოო სიმართლე ერთობლივად. ამის შემდეგ ერთობლივად მივაწოდოთ საბოლოო დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ეს თუნდაც პატარა უზუსტობა იყოს აღმოფხვრილი და რატომ იყო პარალელური დათვლის შედეგად 2%-იანი უზუსტობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხვალ იგეგმება, სადაც „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ორგანიზაციას არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდის.

„მე არ მგონია, რომ რომელიმე პარტია, მათ შორის ჩვენც აძლევდეს თავის თავს უფლებას, რომ ილაპარაკოს ეუთო/ოდირის წარმომადგენლების ნაცვლად. არ უნდა ვაკადროთ არც საკუთარ თავს და არც ქვეყანას და არც სადამკვირვებლო მისიებს, დასავლელ პარტნიორებს, როგორი იქნება მათი განცხადებები და „ვორდინგი“ წინასწარ არ უნდა დავუანონსოთ. ეს მიუღებელია! მაგრამ უნდა გავიხსენოთ მათი განცხადებები, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, ჩატარდა კონკურენტული არჩევნები და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით და გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას თითოეულ დეტალთან დაკავშირებით, მათ შორის, სავარაუდოდ, ხვალ გეგმავენ ჩვენი წარმომადგენლები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, იქ ჩვენც მივაწვდით ინფორმაციას მსგავსი საკითხების შესახებ და შევეცდებით დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები ჩავაყენოთ საქმის კურსში“, – განაცხადა მდინარაძემ.