რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ბათუმში, აჭარის მთავრობასთან, საპროტესტო აქცია იმართება

498

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების აქცია იმართება. ისინი არჩევნების შედეგების გაბათილებასა და ცესკოს ახალი შემადგენლობით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლები უარს ამბობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც.

ენმ-ის ბათუმის ადგილობრივი საკრებულოს წევრი, მირდატ ქადამაძე ამბობს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს შანსი, რომ “უკან დაიხიოს”:

“გუშინდელი დღე, როდესაც არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ აღიარა თამარ ჟვანია, მათ შორის არც პრორუსულმა ოპოზიციამ, ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ თამარ ჟვანიას არ აქვს უფლება არჩევნების შედეგი გამოაცხადოს. ყოველთვის ყველა არჩევნების შემდეგ იყო საუბარი არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ოპოზიციური პარტია, რომელიც აღიარებდა არჩევნების შედეგებს.

ისე თვალნათელი იყო, ისე ნაგლად მოიპარა ბიძინა ივანიშვილმა ეს არჩევნები და ისე გადაწერა თვალსა და ხელს შუა ოქმები, რომ ეს შედეგი მიიღო. მას კიდევ აქვს შანსი, რომ უკან დაიხიოს, სანამ ბოლომდე აივსება მოთმინების ფიალა”,-ამბობს მირდატ ქამადაძე.

აქცია ბათუმში ერთი საათის წინ დაიწყო, ოპოზიციური პარტიები ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან აჭარის მთავრობის სახლისკენ დაიძრა, სადაც საპროტესტო აქცია გაგრძელდება.

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში – ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა.