საქართველოს რამდენიმე ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს აჭარაში. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფ-სასწავლებები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე”,- თქვა ცქიტიშვილმა.
3 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 1 833. გარდაიცვალა — 20.
ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 დაიღუპა.