„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საჩივრები დაიწერა საოლქო კომისიების უმრავლესობაში, კერძოდ 30-დან 19 ოლქში.
„60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოვითხოვეთ, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის;
მარნეულის #13.22.65 უბანში კი შედეგის გაბათილება მოვითხოვეთ, რადგან ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულებით (bit.ly/2TIpW5E) დასტურდება გაყალბების, კერძოდ კი ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი – ამ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაცია ასევე გეგმავს გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.
ორგანიზაციამ ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 2 500-მდე უბნის პროპორციული ოქმების შედეგები შეამოწმა, მათ შორისაა თბილისის ყველა და რეგიონების ყოველი მეორე საარჩევნო უბანი.
შესაბამისი საჩივრები 2 ნოემბერს, გასაჩივრების ვადების დაცვით 19-ვე საოლქო კომისიას ჩაბარდა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში უნდა განიხილონ. ხოლო მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.