ჩვენი ჯგუფი ახლაც მუშაობს საჩივრებზე და ბუნებრივია, სამართლებრივ ბრძოლასაც ვაპირებთ, ყველა ოქმის ბათილობის მოთხოვნას,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ.
„ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ვდგამთ ნაბიჯს იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიხიოს უკან. მას უკან დახევა მოუწევს. დარწმუნებული ვარ, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც შემოგვიერთდებიან. ვხედავთ, რომ ისევ ერთიანი ვართ. არ ვაპირებთ არჩევნების ამ შედეგების აღიარებას. ჩვენ ვნახეთ ძალადობა, დაპირისპირება, ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული. ჩვენი ჯგუფი ახლაც მუშაობს საჩივრებზე და ბუნებრივია, სამართლებრივ ბრძოლასაც ვაპირებთ, ყველა ოქმის ბათილობის მოთხოვნას. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს საზოგადოებას, რომ ყველა მეთოდი გამოიყენა ივანიშვილმა ხელისუფლებაში დასარჩენად და ძალაუფლების მისატაცებლად“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა.