ტექნიკურად შეუძლებელი იყო ამ არჩევნებზე ID რეგისტრატორების პილოტირება – სამომავლოდ, როდესაც გვექნება არჩევნები დიდი სურვილი გვაქვს ამ ტექნოლოგიური საშუალების პილოტირება მოვახდინოთ,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, ID რეგისტრატორების გამოყენება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს მოხსნის.
„ტექნიკურად შეუძლებელი იყო ამ არჩევნებზე ID რეგისტრატორების პილოტირება. ვადასტურებ ღრმა სურვილს იმის თაობაზე, რომ ID რეგისტრატორების პილოტირება და შემდეგ საარჩევნო პროცესში გამოყენება მართლაც ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტაა. ეს ძალიან ბევრ საკითხს გადააზღვევს, ბევრ კითხის ნიშანს მოხსნის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
საუბარია, რომ საარჩევნო უბნებზე ჩვენ მოვახდინოთ პატარა მონიტორების ინსტალაცია, რომელშიც ჩაწერილი იქნება იმ კონკრეტული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიანი სია. ამომრჩეველი, რომელიც უბანზე გამოცხადდება, არა რეგისტრატორთან მისვლით და მისი სახელის და გვარის მოძებნით, არამედ ID ბართის ტერმინალზე დაფიქსირებით მოგვცემს შესაძლებლობას, ეკრანზე გამოვიტანოთ კონკრეტული ამომრჩევლის მონაცემი. ეს აპარატი ასევე ატარებს პასპორტსაც, პასპორტის კოდის ამოცნობის შესაძლებლობაც აქვს.
ამ კოდების თავმოყრა შეუძლებელი იყო მცირე დროში, ამიტომ ვერ შეთავაზთ ამომრჩეველს პილოტი. ამომრჩეველს, რომელსაც ID და პასპორტი არ ექნება, არ ნიშნავს, რომ ის დარჩება არჩევნებში მონაწილეობის გარეშე, ცხადაია, მისი პირადი ნომრის ეკრანზე აკრეფით, მისი მონაცემების გენერირება განხორცილდება, ელექტორნული კალმით ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას. სამომავლოდ, როდესაც გვექნება არჩევნები, დიდი სურვილი გვაქვს ამ ტექნოლოგიური საშუალების პილოტირება მოვახდინოთ. ასევე არსებობს მზაობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ გარკვეული მხარდაჭრა გამოგვიჩინონ“, – აღნიშნავს კალანდარიშვილი.
როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, ტექნოლოგიების გამოყენების დროს მნიშვნელოვანია ბიუჯეტირების ნაწილი და ყველა საკითხის შეფასება.
„ბიუჯეტირების ნაწილიც მნიშვნელოვანი კომპონენტია. ცხადია, აქაც გასაანალიზებელი იქნება, რომ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვა თანხები იზოგება, თუ არა პირიქით, დამატებით ბიუჯეტის გაზრდას მნიშვნელოვნად გამოიწვევს. მცირე თანხებთან არ არის ბუნებრივია დაკავშირებული. ყველაფერი შესაფასებელია. აპარატი შეიძლება კარგი იყოს, წარმატებული, მისი მიზნები შესრულებული იყო და სასწორზე იდგეს ბიუჯეტის, ნდობის, უსაფრთხოების საკითხი და ასე შემდეგ. კომპლექსურად არის გასაანალიზებელი. ყველა ფაქტორი უნდა გავაანალიზოთ მხოლოდ“, – აღნიშნავს კალანდარიშვილი.