ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თერჯოლა მეორე ტურს მცირედით გადაურჩა – მერი პირველივე ტურში ლაშა გოგიაშვილი გახდა. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” მონაწილეობდა და ხმების 50.42% მიიღო.
მეორე ადგილზე “ევროპული საქართველოს” კანდიდატი როლანდ მესხი გავიდა – მან ხმათა 23.9% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: ვალერი ბოჭორიშვილმა “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან” 21.5% მიიღო, ხოლო ნიკა მემანიშვილმა “ლელოდან” – 4.19%.
თერჯოლის მერად არჩეული ლაშა გოგიაშვილი რიგგარეშე არჩევნებამდე მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ბონდო სოფრომაძე თანამდებობიდან გადადგა.
ახალარჩეულ მერს ამ პოსტზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოუწევს.