ჯილიენ სტირკი: უბნებთან ფიქსირდებოდა კოორდინატორების, აქტივისტების ყოფნა, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა, თუმცა, არჩევნებზე გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად, დაცული იყო

422

წინა სტატია

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო, საარჩევნო უბნებთან ფიქსირდებოდა კოორდინატორების, პარტიის წარმომადგენლების და აქტივისტების ყოფნა, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარ დასკვნები წარმოადგენა.

„გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, მასმედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ბევრი ბრალდება მოვისმინეთ, რომ, სავარაუდოდ, ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა. ჩვენ არჩევნებს დავაკვირდით რამდენიმე უბანზე და შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა და, ასევე, იყო ბრალდება, რომ მკვეთრი გამიჯვნა არ ხდებოდა სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ნამდვილად დასანანია, რომ ეს ელემენტები არსებობდა, თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო“,-განაცხადა მან.