ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ გლდანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის.
„შევარდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყოფს არანორმალურ დანაშაულებს. ყველა ოლქში კარგად ვერ ვადევნე თვალი რა ხდებოდა, რადგან გლდანის ოლქში მქონდა ომი. ეს ვერ შერჩება, გამორიცხული ამბავია. ეს არის ის ზღვარი, რომლის იქითაც ან ღირსების სამუდამო შელახვაა ან ღირსების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ყველაფერი სიყალბე იქნება ეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ შერჩება. ეს მიზანსცენა, კამერები, მეგობარი ოპერატორები, მე, თქვენ მიკროფონებით მომარჯვებული, ყველაფერი სიყალბე იქნება. ვითომ პოლიტიკას აკეთებს რომელიმე პოლიტიკოსი, ვითომ პარლამენტში მივა და სიტყვას წარმოსთქვამს, ვითომ სიტყვით გამოვა მიტინგზე, უნდა მოინათლოს, რომ პოლიტიკაშია და მარჯვენა ხელით გირტყამს, ერს გამცირებს, რასაც უნდა გიკეთებს და ამას შევეგუოთ? გამორიცხული ამბავია.
ყველანი 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე. გამოსავალს ვხედავთ ბრძოლაში. თქვენ გინდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? დარწმუნებული ვარ, არ გინდათ, შავზე თეთრს რომ გეუბნებიან, არ გინდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანი დაგცინით იმიტომ, რომ ფული აქვს ბევრი და აპირებს ბოლომდე დასცინოს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ ფული აქვს ბევრი. ძალიან მარტივი გამოსავალია ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა, თავისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.