ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, არჩევნების შედეგების გაყალბების თაობაზე, აბსურდს უწოდებს

450

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აბსურდს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

კობახიძის თქმით, ცესკო-ს ოქმებში მანიპულირების საშუალება არავის არ აქვს.

„ყველამ იცის, როგორ ითვლება შედეგები და როგორ ხდება ოქმების შედგენა, რომელსაც ესწრება 12 კომისიის წევრი საიდანაც 3 არის ოპოზიციის მიერ დანიშნული და ამ პროცესს ესწრებიან დამკვირვებლები და წარმომადგენლები.

იქ დგება ოქმი და ეს ოქმი მოდის მერე ცესკო-ში, არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია და ყველამ კარგად იცის ეს. შესაბამისად, რაც იქნება ასახული ოქმებში, საბოლოო ჯამში ის იქნება ასახული ცესკოს ვებ- გვერდზეც. არავის არ შეუძლია იქ რამის შეცვლა და მანიპულირება, ეს ძალიან კარგად იციან მათ, თუმცა ამის მიუხედავად მოაწყეს საბოტაჟი ცესკოში და შეაწყვეტინეს ბრიფინგი თავმჯდომარეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 25.94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77% აქვს.