“მრავალეროვანმა საქართველომ” საარჩევნო კომისიებში 15 საჩივარი დაწერა

602

21.30 საათისთვის დახურულია საარჩევნო უბნების და მიმდინარეობს ხმების დათვლა. „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისათვის დაწერილი სულ 15 საჩივარი:

ხმის დათვლისას გამოვლენილი ხარვეზები:

ნინოწმინდის #18.41.13 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებლის ინფორმაციით, რამდენჯერმე მოხდა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მოწმობის გარეშე უცხო პირების შესვლა, რის გამოც ხმის დათვლის პროცესს ხელი ეშლება. ასევე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა ალკოჰოლი, სავარაუდოდ ამ უცხო პირების მიერ უბანზე შემოტანილი.

მარნეულის #13.22. 72 უბანზე ხმების დათვლისას სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ოთხი საარჩევნო ბიულეტენი (2 მაჟორიტარული და 2 პროპორციული), რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ნამდვილ ბიულეტენებად მიიჩნია.

მარნეულის #13.22.35 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო 34 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთის საარჩევნო უბნიდან გასვლისას, გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრებმა წაიღეს სულ 50 ბიულეტენი, თუმცა გადასატანი ყუთის საარჩევნო უბანზე დაბრუნებისას დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ დაუბრუნებიათ მეტობით წაღებული ბიულეტენები.

მარნეულის #13.22.13 საარჩევნო უბანზე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის ინფორმაციით, უბნის გარეთ შეკრებილი იყო ხალხი. საარჩევნო უბანზე ისმოდა ყვირილი, კამათი და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

ხმის მიცემის პროცესის დარღვევები

მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“ ოთხჯერ მისცა ხმა. ასევე ამ უბანზე ორი პირი განმეორებით შემოუშვეს ხმის მისაცემად.

საგარეჯოს #09.11.41 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე ადამიანს ჰქონდა მცდელობა განმეორებით მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ის არ შეუშვეს საარჩევნო უბანზე და უკან გააბრუნეს.

ბოლნისის #14.23.62 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ისე, რომ მას რეგისტრაცია არ გაუვლია.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

საგარეჯოს #09.11.47 საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე ახდენდა აგიტაციას. ამომრჩეველს კარნახობდა რა უნდა შემოეხაზათ. მრავალეროვანი საქართველოს შენიშვნის შემდეგ მოხდა რეაგირება და საუბნო საარჩევნო კომისიამ მას საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

ნინოწმინდის #18.41.09 საარჩევნო უბანზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი (საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ენზელ მკოიანი) ამომრჩეველს უთითებდა ვისთვის მიეცათ ხმა.