“მრავალეროვანმა საქართველომ”, 19:30 საათის მდგომარეობით, 10 საჩივარი დაწერა

633

19:30 საათისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით. 1 შემთხვევაში საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი, 7 შემთხვაში ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის წესების დარღვევას, 1 შემთხვევაში აგიტაციას საარჩევნო უბანზე. ამ დროისათვის „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაიწერა 10 საჩივარი:

დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გამოძევება (1 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.73 საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი. დამკვირვებლის ინფორმაციით, ის ცდილობდა მობილური ტელეფონით გადაეღო საარჩევნო კაბინაში 3 ადამიანის ერთდროულად შესვლის ფაქტი, რასაც საუბნო საარჩევნო კომისიის გაღიზიანება მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ხმის მიცემის წესების დარღვევები ( 7 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.3 უბანზე ამომრჩეველს საკუთარი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერა და რეაგირება მოითხოვა.

ბოლნისის #14.23.55 უბანზე ერთი და იმავე კომისიის წევრმა სამჯერ მისცა ხმა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

მარნეულის #13.22.49 უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირების არ გაკეთების სამ ფაქტს, სხვადასხვა რეგისტრატორის მიერ. ასევე, აღნიშნულ უბანზე ადგილი ჰქონდა კარუსელის განხორციელების მცდელობას, თუმცა დამკვირვებელმა მოახდინა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული და განმეორებით ცდილობდა საარჩევნო უბანზე შესვლას, რის გამოც არ მოხვდა მათი დაშვება საარჩევნო უბანზე.

გარდაბნის #12.21.46 უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო კონვერტში ჩადების გარეშე ჩააგდო საარჩევნო ყუთში.

მარნეულის #13.22.35 უბანზე  ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი პირის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მცდელობას. რეგისტრატორმა მასზე გასცა საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც მას ხელში ეკავა და ის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა იცნო აღნიშნული პირი და მისი პირადობის მოწმობის ნახვა მოითხოვა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, არასრულწლოვანი იყო და შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირს არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. ამ ფაქტზე კომისიის წევრებს შორის მოხდა კამათი, თუ ვინ და რატომ შემოუშვა არასრულწლოვანი და რატომ გასცეს მასზე საარჩევნო ბიულეტენი.

ახალქალაქის #18.40.10 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობას. აღნიშნული ფაქტი შენიშნა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა. შესაბამისად, ამ ამომრჩეველს არ მისცეს შესაძლებლობა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმა მიეცა.

ლაგოდეხის 10.15.35  საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღო.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ნიუპოსტის წარმომადგენლებმა ამ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის ყუთში ჩაგდების უფლება არ მისცეს და უბანი დაატოვებინეს. მისი ბიულეტენი თავმჯდომარესთან დარჩა. მოგვიანებით კომისიის წევრებმა ამომრჩეველს სთხოვეს უბანზე დაბრუნება. ამ ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.74 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას. კომისიის თავმჯდომარემ უთხრა ამომრჩეველს შემოეხაზა #41 ნომერი.