გლდანში ოპოზიციის აქტივისტს ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენეს

611

გლდანში ოპოზიციის აქტივისტზე, ანა ჭარხალაშვილზე ფიზიკურად იძალადეს. “მთავარი არხის” გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჭარხალაშვილი უბანთან მყოფ პირებს ეკამათება, შემდეგ კი მასთან მიდის პირი, რომელიც ხელს ურტყამს.

ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდამსხმელი ჭარხალაშვილს განარიდა, უცნობია დააკავეს თუ არა ის. როგორც პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებულია 5 პირი.

სირაძის განმარტებით, ისინი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებული. რაც შეეხება სროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სირაძე ამბობს, რომ ამას ვერ დაადასტურებს.

“ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში ამ ეტაპისათვის, პირველადი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელებმა დავაკავეთ 5 პიროვნება”, — განაცხადა სირაძემ.

მისი თქმით, შსს ყველა მომხდარ სამართალდარღვევაზე აწარმოებს გამოძიებას და ექნება შესაბამისი რეაგირება.

გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო, მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ იყო დაპირისპირება როგორც მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო უბანთან სროლის შესახებ.