PMMG: დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის, საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებისა და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები

650

15:30 საათისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა გადასატანი საარჩევნო ყუთის, საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებისა და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შევიდა 6 საჩივარი, რომელთაგან 1 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (2 შემთხვევა)

ბოლნისის #14.23.22 უბანზე ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლები ერთმანეთს აჩვენებდნენ შემოხაზულ ბიულეტენებს. რიგ შემთხვევებში, კენჭისყრის პროცედურა ხორციელდებოდა კაბინაში შესვლის გარეშე. უბანზე მუდმივად არის ხალხმრავლობა, რითაც მნიშვნელოვნად ფერხდება კენჭისყრის პროცესი. ასევე ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას.  ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას. მათ უკრძალავენ გადაადგილებას და რეგისტრატორის მაგიდასთან ახლოს არ უშვებენ.

ლაგოდეხის #10.15.22 უბანზე დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინიდან გამოსვლისას ბიულეტენი საარჩევნო უბანზე მყოფ საარჩევნო სუბიექტის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს აჩვენა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება (3 ფაქტი)

მარნეულის #13.22.69 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ფურცელზე ინიშნავდა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების გვარებს და მათ გასწვრივ პლიუსებს უსვავდა. მრავალეროვანი დამკვირვებლის ინფორმაციით, სულ 12 ამომრჩევლის მონაცემები მოინიშნა. დამკვირველის მიერ საჩივარი დაიწერა და მოთხოვნილ იქნა რეგისტრატორის შეცვლა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობა. დარღვევა აღმოიფხვრა.

გარდაბნის #12.21.48 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ოთხ შემთხვევაში მარკირება არ გაუკეთა ამომრჩეველს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა მისცა მითითება და დარღვევა აღმოიფხვრა.  ასევე ამავე რეგისტრატორმა ერთ შემთხვევაში ხელმოწერა არ გაუკეთა და ბეჭედი არ დაარტყა საარჩევნო ბიულეტენზე.   ამავე დარღვევაზე მრავალეროვანი დამკვირვებლის მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა შენიშვნა. დამკვირვებელმა მოითხოვა აღნიშნული რეგისტრატორის შეცვლა სხვა რეგისტრატორით, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკმაყოფილდა და აღნიშნული რეგისტრატორი სხვა რეგისტრატორით შეიცვალა.

ნინოწმინდის #18.40.22 საარჩევნო კომისიის წევრები წინასწარ ურტყამდნენ ბეჭდებს საარჩევნო ბიულეტენებს, სულ 15 ბიულეტენს.  მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა ამ ფაქტის ვიდეოგადაღება მოახდინა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ არ იცოდნენ დარღვევა რომ იყო და პროცესი შეაჩერეს.

გადასატანი საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული საკითხები (3 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.2 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ნომერი არ ეთხვევა ჩანაწერთა წიგნში შეყვანილ ნომერს.

ლაგოდეხის #10.15.21 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაილუქა დილის 07:55 საათზე, გადასატანი საარჩევნო ყუთი უბნიდან გავიდა დილის  09:10-ზე და დაბრუნდა მალევე, 10:50 საათზე. დამკვირვებლის ინფორმაციით საარჩევნო ყუთს არ ჰქონდა ლუქი. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისთანავე საარჩევნო უბანზე მოვიდა ორი უცხო პირი, რომლებმაც განაცხადეს, რომ იყვნენ ცესკოს თანამშრომლები და მათ დალუქეს აღნიშნული ყუთი. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დაიწერა საჩივარი და მოთხოვნილ იქნა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა. საჩივარი დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიაში. გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო 7 ამომრჩევლის მონაცემები და დაფიქსირებულია 7-ივე ამომრჩევლის ხელმოწერა.

ახალქალაქის #18.40.26 საარჩევნო უბანზე 10:45 საათზე დამკვირვებელმა გადასატანი ყუთის სიაში დააფიქსირა, რომ იყო 12 ამომრჩეველი. მოგვიანებით, როდესაც ყუთი უნდა გაეტანათ უბნიდან დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ სიაში იყო 13 ამომრჩეველი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის განმარტებით, ამ ამომრჩეველს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ის საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებდა. ამიტომ ის სიაში დაამატეს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.

აგიტაცია საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში (1 შემთხვევა)

ნინოწმინდის #18.41.19 საარჩევნო კომისიის წევრმა ორ შემთხვევაში მიუთითა ამომრჩეველს ვისთვის მიეცა ხმა. დამკვირვებლის ინფორმაციით, მან ამომრჩეველს #2 მიუთითა.