კალაძე “ოცნების” აგიტატორებს და მხარდამჭერებს: ასე გააგრძელეთ!

258

“მინდა მივმართო ჩვენს აგიტატორებსა და მხარდამჭერებს – გააგრძელეთ ასე მუშაობა!” – ასე მიმართა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერებს.

ის აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტატორების მუშაობა კანონდარღვევა არ არის.

“ეს კანონდარღვევა არ არის და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით. ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ პრაქტიკულად ყველა პარტია აწარმოებს იგივე ტიპის სამუშაოებს”, – განაცხადა მან.

კალაძე, ასევე, გამოეხმაურა ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ვიდეოკამერის განთავსების ფაქტს და თქვა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

“სამართალდარღვევას არ წარმოადგენს საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღება – აქაც იყო გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები, რომ, თითქოს, ეს კანონდარღვევა იყო. ეს არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ, საჭიროა კომისიისადმი წინასწარ მიმართვა. ეს ყველა პარტიას შეეძლო გაეკეთებინა – მიემართა კომისიისთვის და ისინი თანხმობას მიიღებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.