“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, კახეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
კორძაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, მომხდარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება.
“მივმართავ შსს-ს და სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან გამოვლინდა კახეთში ფაქტები, როდესაც მოქალაქეებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები. სოფელ ხაშმში ჯანიაშვილი ლამარას პირადობის მოწმობა გამოართვა ციალა ჩიტრეკიშვილმა და კერესელიძე ნაზიკოს მზია ქარუმიძემ. ასევე, საგარეჯოში მაზარ სადიკოვს, ბაბაქ ხადიროვს, ტარიელ ხადიროვს ჩამოართვა პირადობის მოწმებები ვინმე ხალადინოღლიმ. ეს არის დანაშაული და მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დააბრუნებინონ და მისცენ ადამიანებს ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – განაცხადა კორძაიამ.
საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი – პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 – ის მოგროვება დასჭირდებათ.