იმამკულიევი: იმედია, ერთხელ მაინც ნორმალური არჩევნები ჩატარდება, ყველანაირი ინციდენტის გარეშე

393

იმედია, ერთხელ მაინც, საქართველოში და მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნორმალური არჩევნები ჩატარდება, ყველანაირი ინციდენტის გარეშე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განუცხადა.

როგორც იმამკულიევი განმარტავს, მას ხვალინდელ არჩევნებზე პროვოკაციების მოლოდინი არ აქვს.

„ჩვენ ვართ გამარჯვების ველზე, ერთი დღე დაგვრჩა იმისთვის, რომ „ევროპულმა საქართველომ” საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გაიმარჯვოს. ინციდენტებს არ ველოდები, იმედი მაქვს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა”, არც “ქართული ოცნება” და არც სხვა პარტიების წარმომადგენლები რაიმე ინციდენტს არ დაგეგმავენ. იმედია, ერთხელ მაინც, საქართველოში და მარნეულის მუნიციპალიტეტში, ნორმალური არჩევნებს ჩავატარებთ, ყველანაირი ინციდენტის გარეშე”,- განაცხადა იმამკულიევმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავს.

„ბატონი ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ წინასწარმეტყველებს, იმიტომ, რომ ის 31 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციაში იქნება და ოპოზიციის სახელით დღეიდან რომ საუბრობს, ეს კარგია და იცის, რომ „ქართული ოცნება” მარნეულის მუნიციპალიტეტში ინციდენტებს გეგმავს. ჩვენ, მომავალი ხელისუფლება ვგეგმავთ მშვიდად მოვიდეთ ხელისუფლებაში”,- განაცხადა იმამკულიევმა.