სამტრედიაში ქართული ოცნების ოფისთან TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ on.ge წერს.
ოფისთან შეკრებილი ხალხი ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდა და შემდეგი ტექსტებით ელაპარაკებოდა — “დავაი ახლა აქედან”; “წამოდი აქეთ, შე ნაბიჭვარო”; “იდი ნა*უი”.
“ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქტივისტები ჟურნალისტსა და ოპერატორს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერას ხელს აფარებდნენ და ოპერატორისთვის მის წართმევას ცდილობდნენ.
იმავე ოფისთან მოხდა მსგავსი შემთხვევა, როცა ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს აქტივისტები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ადგილიდან წასვლას სთხოვდნენ.
აქტივისტებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ ოფისში თათბირი იყო და შესვლა არ შეიძლებოდა.
გარდა ამისა, მუქარის შემცველი ტექსტებით ესაუბრებოდნენ — “ხელი თუ არ გინდა ვინმემ მოგკიდოს, სახლში წადი”; “თქვენი ადგილი არ არის აქ, მიბრძანდით”; “არ შეიძლება შესვლა იმიტომ, რომ თქვენ სხვანაირად ლაპარაკობთ მერე, არასწორად მიგაქვთ ინფორმაცია”; “წადი სახლში, საქმე არ გაქვს”.
აქტივისტები ოპერატორისგან მოითხოვენ, არ გადაიღოს, რაზეც ოპერატორი პასუხობს, რომ ხელით ეხებიან და როგორ არ გადაიღოს.
ჟურნალისტი ოფისთან შეკრებილებს კითხვას უსვამს, რომ თუ მხოლოდ თათბირია, ოპერატორისა და მის მიმართ აგრესია რატომ იყო, რაზეც აქტივისტი პასუხობს, იმიტომ არის აგრესიული, რომ ოფისში ძალით შესვლას ცდილობენ.