ბათუმში რამდენიმე მოქალაქეს საცხოვრებელ მისამართზე უცხო პირთა ამომრჩევლის ბარათები მიუვიდა, რომლებიც მათი თქმით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ და არც მანამდე უცხოვრიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
რამდენიმე ადგილას ერთდროულად 3 ან 5 უცხო ადამიანია რეგისტრირებული. არჩევნებამდე კი ერთი დღე რჩება, ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიებიც უკვე მზადაა და სავარაუდოდ საარჩევნო უბნებს დღეს გადაეცემა.
მედიის ცნობით, ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდნენ, საიდანაც პასუხს სიებში არსებულ ცდომილებებზე ამ დრომდე ელოდებიან. ასევე მიმართეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რადგან საპარლამენტო არჩევნების პარალელურად რეგიონში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება. უსკოში განმარტეს, რომ სიების შედგენა მათ უფლებამოსილებაში არ შედის, ამომრჩეველთა ერთიანი სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაა ადგენს და ოლქებს უგზავნის.