ჯაფარიძე: „გირჩი” კოალიციურ მთავრობას მხოლოდ იმ პარტიებთან განიხილავს, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე

545

პარტია „გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ისინი „ქართულ ოცნებასთან” კოალიციის შექმნას არ განიხილავენ. როგორც მან „ლეობორისტული პარტიის” ოფისში შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერისას აღნიშნა, „გირჩი” კოალიციურ მთავრობას მხოლოდ იმ პარტიებთან განიხილავს, ვისთანაც შეთანხმება აქვს გაფორმებული სხვადასხვა სისტემის რეფორმის თაობაზე.

„გირჩი” კოალიციას განიხილავს იმ პარტიებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაპირებთ მართლმსაჯულების სისტემის, ეკონომიკისა და განათლების სისტემის რეფორმირებას. კოალიციასაც იმ პარტიებთან განვიხილავთ, ვინც ამ დოკუმენტის ხელმომწერია და არავისთან სხვასთან. შესაბამისად, არც „ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.