საქართველოს მედია-კლუბი: უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეები კვლავ კანონდარღვევით ეწევიან მმართველი პარტიის აგიტაციას

721

„საქართველოს მედია-კლუბმა“, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ცნობით, კვლავ პრობლემად დარჩა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევით მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაცია.

„მიუხედავად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 7 ოქტომბრის რეკომენდაციისა, რომ  ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებმა „თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს“, აღნიშნული პრაქტიკა კვლავ გაგრძელდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საქართველოს მედია-კლუბის“ ინფორმაციით, ამგვარი ფაქტები გამოვლინდა ხულოს, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ვანის, ტყიბულის, თერჯოლის, სამტრედიის, ხარაგაულის, ამბროლაურის, ონისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ კანონდამრღვევ საჯარო მოხელეთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

„ვინაიდან ჩვენთვის არ არის ცნობილი მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა სრული სია, ორგანიზაციამ შეძლო მხოლოდ იმ ადგილობრივ საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა  ფეისბუქის პირადი გვერდების მონიტორინგი, რომელზეც მას ხელი მიუწვდებოდა. ამიტომაც, ანგარიშში ასახული დარღვევების რაოდენობა, დიდი ალბათობით, სრულად არ ასახავს  მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების მხრიდან კონკრეტული პარტიის მხარადასაჭერად ფეისბუქის გვერდების გამოყენების  ფაქტების რაოდენობას“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საქართველოს მედია-კლუბი“, ასევე, აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურად იცავს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის მოხელეები ფეისბუქის პირად გვერდზე მმართველი პარტიის მხარდამჭერ ინფორმაციას სამუშაო საათების დაწყებამდე 1-2 წუთით ადრე, ან პირიქით – დასრულებიდან 1-2 წუთის შემდეგ აზიარებენ. „ამით, ერთი მხრივ, ფორმალურად იცავენ „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილ მოთხოვნას, თუმცა, არსობრივად არაფერი იცვლება“, – მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

საქართველოს მედია-კლუბის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებულ დარღვევებს. მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის„წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებში ხორციელდება.