თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დღეს ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ ივანიშვილს კოალიციურ მთავრობას არ შეუქმნიან

410

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეუქმნის კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხელი მოწერება დოკუმენტს, რითაც ოპოზიციური პარტიები ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას არ შეასრულებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური და მორალური სიცხადე, რომელსაც გვაძლევს აღნიშნული შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერება ხელი სულ რამდენიმე წუთში, რომლითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეუქმნის კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“ და არ შეასრულებს მისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ამაზე არსებობს ყველაზე ფართო ოპოზიციური კონსენსუსი, რაც კი დღემდე ყოფილა. ოპოზიცია სრულიად დარწმუნებულია საკუთარ დამაჯერებელ გამარჯვებაში ხვალინდელ არჩევნებში და რც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკეთესი საქართველოსთვის,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, რატომ არ მოვიდა ოპოზიციის ნაწილი შეხვედრაზე და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შესაძლოა, მათ ითანამშრომლონ „ქართულ ოცნებასთან“, ბოკუჩავა ამბობს, რომ პირადად ესაუბრა ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ დაუდასტურეს, რომ უერთდებიან შეთანხმების სულისკვეთებას.

„დარწმუნებული ვარ, საჯარო კომენტარებშიც დააფიქსირებენ ამგვარ პოზიციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ოპოზიცია არის კონსოლირიდებული, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დარჩენილი სრულიად მარტო და მას არ გააჩნია არც ერთი პარტნიორი და მოკავშირე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში,“- განაცხადა ბოკუჩავამ.